logo
ENG



"პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე" - ბაჩალიაშვილის სახლში ახალი ჩანაწერი იპოვეს

12 აგვ 202019:41
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ მკვლელობის ვერსიაზე მუშაობასაც გააგრძელებს. საეჭვო კითხვები უწყებას პროგრამისტის ელექტრონულ ფოსტაში შესვლის შემდეგ გაუჩნდა.

ირკვევა, რომ წაშლილია 23 წლის ახალგაზრდა ქალის ელექტრონულ ფოსტაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც 13 დან 18 ივლისის ჩათვლით იყო შენახული. ოჯახის ადვოკატს ეჭვებს უჩენს ის გარემოებაც, რომ ბოლოს ბაჩალიაშვილის ფოსტაზე შესვლა 10 აგვისტოს ფიქსირდება. სწორედ ამ დღეს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მცდელობა, რომ პროგრამისტის ელფოსტაზე შესულიყვნენ, უშედეგოდ დასრულდა.

გამოძიებასთან კითხვები აქვს გარდაცვლილის ოჯახსაც. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ეჭვობს, რომ ელექტრონული ფოსტიდან სწორედ ის ინფორმაციაა წაშლილი, რომელიც თამარის გარდაცვალების მიზეზს უკავშირდება.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დღეს ახალი წერილი და მასალებიც გამოჩნდა, რომლის არსებობის შესახებ ამ დრომდე გამოძიებისთვის უცნობი იყო. "პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე" - ამ შინაარსის წერილი დაწერა 23 წლის ახალგაზრდა ქალმა გარდაცვალებამდე სავარაუდოდ რამდენიმე დღით ადრე. ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებდა და ყველა მასალას, რომელიც ოჯახს გააჩნია გამოძიებას გააცნობენ.

გარდა ამისა, ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის 4-დღიანი მოთხოვნის შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ დღეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხა. „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა გამომძიებლებს იმ პირის ვინაობა გაუმხილა, რომელიც მას ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის დღეს დაუკავშირდა და მას თამარის სამსახურის შესახებ აცნობა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უმთავრესი მოთხოვნა უცვლელია - ისინი საგამოძიებო პროცესებში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვენ, თუმცა ზუსტ თარიღს საგამოძიებო უწყება არ ასახელებს.


close დახურვა